თეონა ბაკურიძეს დროებით თეონა თურმანიძე ჩაანაცვლებს

09 მარტი 2020, 16:02 3032 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ გამოშვებას დროებით თეონა თურმანიძე წაიყვანს. ის თეონა ბაკურიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით ეთერიდან მოხსნეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რვასაათიან გამოშვებას, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი წაიყვანდა. ეს ახალდანიშნულმა რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ დაადასტურა.

დაახლოებით 14:30 წუთზე კი, გიორგი აბაზაძემ თეონა ბაკურიძის დროებით ჩანაცვლება, თეონა თურმანიძეს შესთავაზა. 

''დღეს დილიდან ვიცოდით, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანდა გიორგი აბაზაძე. ეს ფაქტი რედაქტორმაც დაგვიდასტურა, თუმცა სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ დღეს რვასაათიან ეთერში დავჯდე. ვფიქრობ, ეს ცოტა დაგვიანებული იყო, რადგან თეონა ბაკურიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარასკევს მიიღეს. მათ ჰქონდათ სრული ორი დღე, რომ ეს შეთავაზება გაეკეთებინათ. იმის გამო, რომ მაუწყებელი კრიზისშია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ამიტომ შეთავაზებას მხოლოდ დროებით ვთანხმდები. დარწმუნებული ვარ სხვა გადაწყვეტილება არც იქნება მიღებული და თეონა ბაკურიძე ეთერში მალე დაბრუნდება'' - თქვა 15:00  საათიანი გამოშვების დასრულების დროს თეონა თურმანიძემ. 

მაუწყებლის დირექტორმა თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.  

დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში