აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტში უმრავლესობის წევრებს ხვდებიან

09 მარტი 2020, 18:30 2185 ნახვა

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები და ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდებიან. ისინი სოფიო კილაძეს მაუწყებელში არსებული ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. 

ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში, მთელი დღის განმავლობაში მართავს შეხვედრებს. ისინი უკვე ესაუბრნენ ამერიკის შეერთებული შტაბების საელჩოს წარმომადგენლებს. ჟურნალისტები ესაუბრნენ ტელევიზიაში არსებულ კრიზისზე, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაწყებულ პროცესზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რომლსაც დირექტორი მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის, ''ქართული ოცნების'' კვოტით არჩეული წევრების უშუალო თანამშრომლობით ახორციელებს.

ასევე შეხვედრა გაიმართა პოლიტიკურ ლიდერებთან, დაიგეგმა მაუწყებლის საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში.

შეხვედრები EMC-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების და ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შესახებ პარლამენტის წევრების ინფორმირება და უფლების დარღვევის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების ადვოკატირება.


აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისია და თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. კრიზისი ტელევიზიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოადგილე სხვა სამსახურში გადაიყვანეს, წამყვანი კი ეთერიდან მოხსნეს.
გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელი მზადდება.

როგორც ცნობილია, მაუწყებლის მენეჯერს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შორენა ღლონტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების 8 საათიანის წამყვანი თეონა ბაკურიძე უჩივის. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში