რომიდან სპეცრეისით 200 ადამიანს ჩამოიყვანენ

10 მარტი 2020, 12:13 1861 ნახვა

იტალიიდან სპეცრეისით 200 ადამიანს ჩამოიყვანენ. საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი რომში უკვე გაფრინდა.    საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.   

 ამ ეტაპზე პრიორიტეტული იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დროულად ჩამოყვანა - აცხადებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი.  რომან ბოკერიას ინფორმაციით, მოქალაქეები არ არიან ინფიცირებულნი. „ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარჩნენ იტალიაში. ჩვენი ამოცანაა,   მივცეთ საშუალება მათ დაბრუნდნენ საქართველოში,  ჩვენი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტად ორასია“ - თქვა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოში ამოქმედებული იყო დამატებით 4 ცხელი ხაზი, რომ მომხდარიყო ყველა იმ საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება, ვისაც შეძენილი ჰქონდა ბილეთები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. „პროცესი უკვე დასრულებულია, საელჩოში არსებობს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებოდნენ და ჰქონდათ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები, “- ამბობენ უწყებაში. 

 საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენები გასულ კვირას შეაჩერა. კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გუშინ გამოცხადდა.   9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსისგან იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში