ქობულეთში გამოსახლების პროცესი გადაიდო - უფლებადამცველები ხელისუფლებას შუამავლობას სთხოვენ

10 მარტი 2020, 13:45 1567 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის #502 გამოსახლების პროცესი ერთ თვით გადაიდო. მოლაპარაკებები ბანკისა წარმომადგენელსა და მეგრელიძეების 6 წევრიანი ოჯახის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა.  

ერთი თვის ვადაში, ბანკის წარმომადგენლებმა ოჯახს უნდა შეუდგინონ ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი.

გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაანონსდა, ადგილზე იყვნენ მობილიზებულები აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები და პოლიციელებიც.

შესაძლო გამოსახლების პროცესს, ესწრებოდნენ, ოპოზიციური პარტიის წევრები, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქომაგის" წევრები, რომლებმაც ხელისუფლებას და აჭარის მთავრობას მოუწოდეს დროული რეაგირებისაკენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ შეძლებს თუ არა ოჯახი გადახდას უცნობია, ამიტომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ადგილობრი ხელისუფლება და შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ქობულეთში, 2010 წლიდან დაიწყეს "გამოსახლების საწინააღმდეგო" მოძრაობა. მათი თქმით, ქობულეთში ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს მსგავსი პრობლემა და მათ გამოსახლება ემუქრებათ. 

გასულ თვეში, აღნიშნულ სამეზობლოში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ცეცხლაძეების მრავალსულიანი ოჯახი გამოასახლა საცხოვრებელი სახლიდან. სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ დავა კერძო პირთან ჰქონდათ, რომელმაც ბანკის მიერ, აუქციონის წესით გატანილი ქონება შეიძინა. ოჯახი ამ დრომდე ძმის სახში ცხოვრობს და დროებით იქ აფარებენ თავს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში