გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14 დღიანი კარანტინი დაწესდა

12 მარტი 2020, 10:06 3368 ნახვა

​საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოსულ მგზავრებს 14 დღიან სავალდებულო კარანტინში მოუწევთ ყოფნა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ზომების გამკაცრება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყვიტეს. 

კარანტინი ეხება საქართველოს მოქალქეებს. რაც შეხება უცხოელს, მათ კორონავირსზე ჩატარებული კვლევის დამადასტურებელ ცნობას მოსთხოვენ. თუ მსგავსი დოკუმენტი არ ექნებათ, ისინიც გაივლიან კარანტინს. 

გიორგი გახარიას განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მკაცრად გააკონტროლებენ. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამას. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დღეს თვითიზოლაციის რეჟიმში მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე ვავალებთ შსს-ს სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულება, რომელიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიამ დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით კი 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო იყო იტალიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ირანიდან ჩამოსული მგზავრებისთვის. 

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადიან. 

„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - თქვა სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში