რაგბის ევროპის ჩემპიონატი საქართველო-რუსეთს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება

12 მარტი 2020, 13:05 1946 ნახვა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 14 მარტს თბილისშია დაგეგმილი, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა – ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ რაგბის კავშირს ყოველდღიური კონსულტაციები აქვს საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

ქართველი და რუსი მორაგბეები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად  TKT.GE-ს უნდა მიმართონ.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლოა უეფას ერთა ლიგის პლეიოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ფეხბურთში, რომელიც 26 მარტს უნდა ჩატარდეს მაყურებელი არ ეყოლება. ცნობისთვის ევროპული ფეხბურთის ასოციაციებმა უეფასგან შესაბამისი მოთხოვნა მიიღეს.

უეფა კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მარტში დაგეგმილ ყველა სანაკრებო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში