საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა მსესხებლებს 3 თვიანი შეღავათი დაუწესა

13 მარტი 2020, 10:51 12005 ნახვა

საქართველოში ბანკებმა, ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი დაუწესეს. 

გუშინ, 12 მარტს, ამის შესახებ ინფორმაცია "საქართველოს ბანკმა" გაავრცელა, ხოლო დღეს "თიბისი ბანკმა".

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, - ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.

"საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბანკი ავრცელებს.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში