ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

15 მარტი 2020, 19:53 30830 ნახვა

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხის შედეგები მიიღეს. 

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ის კარანტინში იყო. პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კორონავირუსის ადგილზე გავრცელების რისკები არ არის და ყველა პროტოკოლური ღონისძიება გატარებულია. 

''დღეს აჭარაში დადასტურდა იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ და მდგომარეობა არის სტაბილური. მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო არ ავყვეთ პანიკას, არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი. ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით. მუშაობს ყველა უწყება, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები'' - განაცხადა ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფიცირებულ მოქალაქეს სხვა ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. კარანტინში ყოფნის დროს მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში. 

 

''ის ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოიყვანეს, კარანტინში იყო. ​ტემპერატურის მატება დაფიქსირდა და ასევე წესების დაცვით ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. ოჯახის წევრებთანაც არ ქონია კონტაქტი. ამ პირთან ერთად თვითმფრინავში მყოფი პირები, ასევე ტრანსპორტში მყოფი პირებიც, რითაც ეს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.  პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. მინიმალური სიმპტომებით და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, რაც შეეხება სხვა პასუხებს ყველა მათგანი ამ ეტაპზე უარყოფითია'' - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეისის ყველა მგზავრი ქუთაისის აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს. მათ სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. 

დღეს ბათუმიდან კიდევ 4 პაციენტის პასუხს ელოდებოდნენ. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 32 მოქალაქე შეიყვანეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა. 

როგორც ცნობილია საქართველოს მოქალაქე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან 12 მარტს ჩამოფრინდა. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ანალიზის პასუხი დამატებითი კვლევისთვის თბილისში გადაიგზავნა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში