საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იკეტება

16 მარტი 2020, 13:28 1947 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთო სათხილამურო კურორტები იკეტება - ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფეებს, რესტორნებს და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.

„ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენსთანამოქალაქეებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი დაუდგინდათ. 

დღეს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში