მთავრობა კაფეების, რესტორნებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს მოუწოდებს მუშაობა შეაჩერონ

16 მარტი 2020, 13:59 2002 ნახვა

საქართველოს მთავრობა კაფეების, რესტორნებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს მოუწოდებს მუშაობა შეაჩერონ და მიტანის სერვისზე გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა. 

''კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მუშაობა ადგილზე არსებულ სივრცეში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. დღეს საღამოს შეხვედრაც მაქვს მიტანის სერვისის კომპანიების წარმომადგენლებთან. ვისმჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ ეს მიმართულება. კვების ობიექტებს კი დავემხმარებით ამის ორგანიზებაში. 

ყოველ დღე ახალი გამოწვევის წინაშე ვართ. მეტ ნაკლებად შემზადებული არიან კვების ობიექტების მეპატრონეები, სხვა ქვეყნის პრაქტიკას ვითვალისწინებთ. ეს გადაწყვეტილება გარკვეული გამოწვევის წინაშე აყენებს ბიზნეს,  მაგრამ კომუნიკაციაში ვართ და ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღეს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში