უკვე არ ვიცი ვის მივწერო ვთხოვო დახმარება, ვარ იტალიაში და ჩავრჩი - მოქალაქის წერილი იტალიიდან

20 მარტი 2020, 14:22 2622 ნახვა

საქართველოს მოქალაქე ბათუმიდან იტალიაში ტურისტულად წავიდა და კორონავირუსის გამო, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამბობს, რომ საელჩო უკან დაბრუნებაზე არაფერს ეუბნება. მისი თქმით, ის ქუჩაში დარჩა, რადგან ფული გაუთავდა, იტალიაში კი არავის იცნობს, ვინც დაეხმარება.  

"უკვე არ ვიცი ვის მივწერო და ვის ვთხოვო დახმარება. ვარ იტალიაში, ტურისტულად წავედი და 15 მარტისთვის მქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, თუმცა სიტუაცია გამწვავდა კორონავირუსის გამო და ფრენა გადაიდო. უკვე აქ ვარ რამდენიმე დღეა, აღარც ფული მაქვს და არც ადგილი, სადაც ღამეს გავათევ. 

საელჩოში ყოველდღე ვრეკავ, თუმცა არაფერს მეუბნებიან როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო. ვის ვთხოვო, დახმარება, რომ დავბრუნდე სამშობლოში, სადაც სამი შვილი მელოდება. 

საელჩოს ორგანიზებით 10 მარტს იყო ფრენა რომიდან, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ იქ ჩავსულიყავით, მაგრამ არავის უფიქრია იმაზე, როგორ ჩავაღწევდით რომამდე, რადგან სხვა ქალაქში, სალერნოში ვარ და ტრანსპორტი არ იყო, ყველაფერი გაჩერდა იტალიაში. 

საელჩოდან კი ძალიან გვიან დამირეკეს და მომაწოდეს ეს ინფორმაცია, თუ გინდათ დაბრუნება ქვეყანაში ჩამოდით რომშიო, ვერ ჩავასწარი.

ვერ ვიტან უსამართლობას, სად ვნახო ახლა 1000 ევრო, რომ გამოვფრინდე, რამდენიმე თვითმფრინავი მოძრაობს, მე ხომ ოლიგარქი არ ვარ... ვითხოვ დახმარებას, რომელიც ისე მჭირდება როგორც ჰაერი. რომ მქონდეს ახლა მაგის რესურსი, რომ ეს 1000 ევრო ვიშოვო, ასე არავის შევაწუხებდი არასდროს...  

აქ არავინ მყავს, რომ ვინმეს დახმარება ვთხოვო, ბოლოს და ბოლოს პურის ფული აღარ მაქვს, მრცხვენია ამას რომ ვწერ. 

საელჩოში ყოველდღე ერთდაიგივეს მეუბნებიან და არაფერს აკეთებენ, ვდარდობ საშინლად, ბავშვებთან ვერ მოვდივარ. 

ყველას ფეხზე კიდია გწყურია თუ მშიერი ხარ, როგორ ვიარსებო აქ, არც ენა ვიცი, არც ფული მაქვს, აქ ისეთ სიტუაციაა და ღამეც ვერ ვაფარებ თავს ვერავის... 

აჭარის საზოაგდოებრივი მაუწყებელი გუშინ, 19 მარტს,  აჭარის მთავრობასაც დაუკავშირდა და საქართველოს მოქალაქის საკონტაქტო ინფორმაციაც გადსცა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სუზანა იწერება, რომ მას არავინ დაკავშირებია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში