ტექდათვალიერებაზე მოსული მძღოლი ვირუსის მატარებლები არ შეიძლება იყოს? - მოქალაქის წერილი

20 მარტი 2020, 17:05 2980 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით რიგი შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, დაიხურა რესტორნები და კაფე-ბარები, სავაჭრო ობიექტები. მთავრობა მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს დარჩეს სახლში და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაცია, თუმცა ფუნქციონირებას ამ დრომდე განაგრძობენ ტექინსპექტირების პუნქტები. აჭარის მაუწყებელს ტექინსპექტირების პუნქტის ერთ-ერთი თანამშრომელი დაუკავშირდა.

"იცით რა მაინტერესებს ქვეყანაში ლამის საგანგებო მდგომარეობაა, ყველაფერი დახურულია და ჩვენ  სრული დატვირთვით ვმუშაობთ. არადა კვირა ისე არ გავა, რომ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან მომავალი სატვირთო ავტომობილები არ გავატაროთ შემოწმებაზე. საიდან ვართ დაზღვეული, რომ ვირუსი არ გადაგვედება? ეს ხომ სწორედ ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს? შეიძლება ეს მძღოლები შემოწმებას საზღვარზე გადიან, მაგრამ რა ვიცით, რომ ისინი ვირუსის მატარებლები არ არიან და სიმპტომები მერე არ გამოუვლინდებათ? ამასაც რომ თავი დავანებოთ ტრასნპორტიც ხომ გარკვეულწილად საფრთხისლშემცველია. 

არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ ადგილობრივი, მსუბუქი ავტომობილების მძღოლები. იმ ფონზე, როცა ყოველ დღე გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ იზოლაციის წესებს არღვევენ და არ ემორჩილებიან ჩვენ, რომ ასობით ადამიანთან გვაქვს შეხება ვინ გვიცავს? რით ვართ დაზღვეულები, რომ მათგან ერთ-ერთი სწორედ ის არ არის, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა იყოს?

ან კი საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ დროს ჩვენს მუშაობას, დახარვეზებული მანქანები იმის გამო, რომ პროფილაქტიკებს, ავტოსამრეცხაოებს ვერ მიმართავენ შესაბამისად ვერც ხარვეზს ასწორებენ. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი დროებით გადავადდეს სიტუაციის დასტაბილურებამდე და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე?-ეს წერილი აჭარის მაუწყებელს ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი ტექინსპექტირების თანამშრომელმა გამოუგზავნა. 

ეკონომიკის სამინისტროში აჭარის მაუწყებლის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ტექდათვალიერების ვადების გადაწევა და პუნქტების მუშაობის დროებით შეჩერება, მოკლე პასუხით შემოიფარგლეს და გვითხრეს,  რომ ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამ ეტაპზე მხოლოდ ბათუმში ტექინსპექტირების 5 ცენტრი ფუნქციონირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში