აჭარის მაუწყებლის დირექტორს ჟურნალისტი დახურულ ბიუროში გადაჰყავს

23 მარტი 2020, 21:22 5892 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, ერთი წლის წინ დახურულ ბიუროში დაბრუნება მოსთხოვა. აჭარის მაუწყებელს ქუთაისში ბიურო მანამ ჰქონდა, ვიდრე იქ პარლამენტი ფუნქციონირებდა. 

ბრძანება ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელს რამდენიმე საათის წინ ჩაბარდა. დირექტორის გადაწყვეტილებაში წერია:

''ქალბატონო თეონა თქვენთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გთხოვთ 2020 წლის 25 მარტიდან, რეპორტიორის მოვალეობები განახორციელოთ ქალაქ ქუთაისში. გთხოვთ, ვიდეო-ოპერატორის არყოფნის განმავლობაში რეპორტიორის მოვალეობა შეასრულოთ მხოლოდ რადიოსა და ვებ.მაუწყებლობისთვის. ვიდეო-ოპერატორის აყვანის შემდეგ კი ტელემაუწყებლობისთვის''.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის წერილში არაფერი წერია, რა აუცილებლობა დგას მაუწყებლის წინაშე ქუთაისში იმუშაოს რეპორტიორმა და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

ვინ მოითხოვა ჟურნალისტის გადაყვანა ქუთაისში? ონლაინ სამსახურს ამ ტიპის საჭიროებაზე მოთხოვნა არ დაუწერია, აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება არც რადიოს რედაქტორებს გამოუთქვამთ. 

საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი აბაზაძემ კი საჯაროდ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანის შესახებ და მისი ჩართულობა ამ პროცესებში არ ყოფილა.  

თეონა ხარაბაძე მაუწყებელში პოლიტიკურ პროცესებს აშუქებდა და ერთ-ერთი წამყვანი რეპორტიორი იყო. ამბობს, რომ მას ახალი ამბების სამსახურიდან უშვებენ, რადგან გრძელდება არხზე საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის ტენდენცია.

ფიქრობს, რომ მას იმიტომაც სჯიან, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს. ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს და მის გადაწყვეტილებების ობიექტურობაში შეჰქონდა ეჭვი. ასევე, არის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრი, რომლებმაც სარედაქციო დამოუკიდებლობის მოთხოვნით საგაფიცვო რეჟიმი დაიწყო აჭარის მაუწყებელში.

ჟურნალისტი ჰყვება, რომ უვადო ხელშეკრულება მას 2018 წელს გაუფორმდა. მას შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ქუთაისში საპარლამენტო სხდომებსაც აშუქებდა და ბათუმშიც მუშაობდა. საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადასვლის შემდეგ კი, მხოლოდ ბათუმში იმყოფებოდა. მისი თქმით, პრაქტიკულად ქუთაისის ბიურო ამის შემდეგ გაუქმდა.


“მე არ ვარ მაუწყებელში დამწყები ჟურნალისტი, მაქვს ჩემი კონკრეტული სფერო - პოლიტიკა, მე ვსვამ კრიტიკულ კითხვებს, მე ვამზადებ დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს - ეს არის ჩემი ჩამოშორება საინფორმაციო სამსახურიდან,” - ამბობს თეონა ხარაბაძე.

მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე ამბობს, რომ როცა რეპორტიორი წლებია ბათუმში მუშაობს და უცვლიან სამუშაო გარემოს, ამას დირექციის მხრიდან დასაბუთება სჭირდება. მაგალითად სამსახურის უფროსის მოთხოვნა და დასაბუთება, რომ აუცილებელია ქუთაისის ბიუროში მუდმივმოქმედი ჟურნალისტი, რომელიც მიაწვდის ტელევიზიას მაუწყებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

''მანამდე უნდა ყოფილიყო მინიმალური აქტივობა მაინც ქუთაისში, ჟურნალისტის მივლინებები და ა.შ. ბოლოს რა ინფორმაცია გახდა მაუწყებლისთვის ქუთაისიდან საინტერესო და საზოგადოებისთვის ღირებული?  შეიძლება, დღეს, ამ მომენტში მარნეულში გაჩენილიყო მოთხოვნა ჟურნალისტის გაშვების. ამიტომ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ჩართულობა და მისი მოთხოვნა იყო გადამწყვეტი, ჟურნალისტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაყვანად,'' - ამბობს გია ქარცივაძე.


აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისია და თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. კრიზისი ტელევიზიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალი ამბების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოადგილე სხვა სამსახურში გადაიყვანეს, წამყვანი კი ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელი შევიდა სასამართლოში. 

როგორც ცნობილია, მაუწყებლის მენეჯერს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე და ახალი ამბების 20 საათიანი გამოშვების ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე უჩივის. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფს. 

 

რა მოხდა ბოლო თვის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რატომ უჩივიან თანამშრომლები დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს? 

 

2020 წლის 19 თებერვალს, აჭარის მაუწყებლის დირექციის გადაწყვეტილებით და "ქართული ოცნების" კვოტით შერჩეული სამი მრჩევლის მხარდაჭერით, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცია გაუქმდა. ამ თანამდებობაზე მაია მერკვილაძე მუშაობდა. დირექტორის პირობის მიუხედავად, ის ახალი ამბების სამსახურში რედაქტორად არ დატოვეს და იმ ტოქ-შოუს პროდიუსერობა შესთავაზეს, რომელიც ჯერ არ არის  დამტკიცებული და არც ბადეშია ჩასმული. ასევე შესთავაზეს, რადიოში რედაქტორობა და ხელშეკრულება გაუფორმეს. გადაწყვეტილება თანამშრომლებმა გააპროტესტეს. 

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ პოზიცია ხელოვნურად გაუქმდა, რადგან ახალი ამბების სამსახურის უფროსის სამსახურიდან გაშვება იგეგმებოდა და დირექციას არ სურდა, ის დარჩენილიყო ავტომატურად  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ამით კი იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ დირექციას სურს საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და სახელისუფლებო ინტერესების გატარება, ამიტომ. მისი თქმით, იმ ადამიანებს დევნის ახალი ამბების სამსახურიდან, ვინც მანამდე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, დაბალანსებულ და ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს ქმნიდა. 

საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძის ნაცვლად, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია დანიშნეს. მისი სამსახურში აყვანის შესახებ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა არ იცოდნენ.

დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ ნინო ხაჟომია მმართველებს გაესაუბრა და მათი რჩევით დანიშნა ამ პოზიციაზე, თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. მმართველებმა თქვეს, რომ მათ შეხვედრა ნინო ხაჟომიასთან არ ჰქონიათ. ჟურნალისტმა ტელევიზია საკუთარი განცხადების საფუძველზე 4 დღეში დატოვა. 

მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აცხადებდა, რომ არ იცის ნინო ხაჟომიას გაესაუბრნენ თუ არა მმართველები. რაც შეეხება მაია მერკვილაძის ბრალდებას, ამბობდა, რომ საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებები არ იგეგმებოდა, რადგან ახალ ამბებში რჩებოდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი. ჟურნალისტები კი არარსებულ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ასევე, გიორგი კოხრეიძის განმარტებით, საინფორმაციო სამსახურის მოადგილის პოსტი სხვა ტელევიზიებში არ არის და ეს ზედმეტი რგოლი იყო მენეჯმენტში. მაია მერკვილაძე კი ფანტასტიკური კადრია და ის დარჩებოდა მაუწყებელში. 

იორგი კოხრეიძის ოფიციალური, საჯაროდ დადებული პირობის მიუხედავად,  ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ერთ კვირაში, 28 თებერვალს მოხსნეს თანამდებობიდან. ახალი ამბების სამსახური კი დარჩა გადაწყვეტილების მიმღები პირების გარეშე. გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

შორენა ღლონტის  წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მრჩეველთა საბჭოს წევრის, თამილა დოლიძის მიერ მოძიებული დოკუმენტის (2019 წელს დადებული ხელშეკრულების) მიხედვით, შორენა ღლონტს, ტელევიზიის ყოფილი დირექციის ჩართულობით, NDI - სთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომლის მიხედვით მომზადდა ერთი გადაცემა - დისკუსიის ფორმატში. თანხა საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს დაერიცხა, რომელიც თანამშრომლებს ხელზე გაუნაწილა. ფულის განაწილების ფაქტს, ყველა ჟურნალისტი ადასტურებს. 

დირექციის მიერ "შავ ფულად" მოხსენიებული საქმე, როგორც იურისტები განმარტავენ ხანდაზმული იყო და ამ შემთხვევის შესახებ  ცნობილი ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს იყო, თუმცა დისციპლინარული მოკვლევა მაშინ მრჩევლებს არ მოუთხოვიათ. მათ შორის მრჩეველს - გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც ახლაც საბჭოშია და თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

პარალელურად ტელევიზიაში, დირექტორის მოადგილე კონკურსის წესით აირჩიეს. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი დაიხურა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ჟურნალისტებმა ნათია ლომაძემ დააფიქსირა დარღვევა, გასაუბრების დროს ახალი ამბების რეპორტიორის, ჯენი კვანტალიანის სიუჟეტს განიხილავდნენ, დირექტორის მოადგილეს კი წესით შინაარსის განხილვაში შესვლის უფლება არ აქვს. ამ ინციდენტს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც ჟურნალისტებს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ. ფაქტს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე გამოეხმაურა, კონკურსის დახურვა არასწორ ფაქტად შეაფასა, ხოლო ჟურნალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა და ფაქტზე მოკვლევაც დაიწყო.  მოკვლევის შედეგი არ დამდგარა.  

ამის შემდეგ, ახალ ამბებში კიდევ ერთი რედაქტორი ფირუზ ბოლქვაძე დაინიშნა, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე.

გიორგი აბაზაძეს  კონსულტანტად ლალი ბერძენიშვილი დაუნიშნეს. სამივე თანამშრომელი მაუწყებლის თანამშრომელია, ამათგან ორი კი ახალი ამბების რედაქციაში მუშაობდა. ჟურნალისტები კი ითხოვდნენ, რომ ეს პოსტები არ ანდეს ახალი ამბების მოქმედ რედაქტორებს, რომლებსაც ამ ტიპის გამოცდილება ჰქონდა და კრიზისს განმუხტავდა. 

კრიზისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა, საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელს კი ნერვიულობის გამო, ერთი დღით საავადმყოფოში მოხვდა.  დირექციამ ეს ბულინგად და დაუმორჩილებლობად შეაფასა. 

ამ ინცინდენტის გამო, ტელევიზიის დირექტორმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ ერთი მხარის - ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძის გაკეთებული საჯარო განცხადების  საფუძველზე, ეთერიდან მოხსნა 8 საათიანი გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დისციპლინარული მოკვლევა იმ დღესვე დაიწყო და სანქციებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდა.  

ჟურნალისტების პოზიცია დირექტორს ოფიციალურად არ მოუსმენია.  დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ თეონა ბაკურიძემ არ შეასრულა გიორგი აბაზაძის დავალებები და არ დაემორჩილა მას. თეონა ბაკურიძე კი ამ ნაწილში არ ეთანხმება და სასამართლოში დავობს, რადგან ის იჯდა ეთერში და ამტკიცებს, რომ ყველა მოვალეობა შეასრულა, რაც ჰქონდა დაკისრებული. 

ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებლის 90 თანამშრომელი საგაფიცვო რეჟიმში იმყოფება. ალტერნატიული პროფკავშირები. 

ორგანიზაცია მაუწყებელში მას შემდეგ შეიქმნა, რაც გიორგი კოხრეიძე აირჩიეს თანამდებობაზე და ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი იმისა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. 

კონკრეტული ნაბიჯების შემდეგ კი, ალტერნატიულმა პროფკავშირებმა საგაფიცვო პროცედურა ოთხი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, რომელთაგან უპირველესია დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, შრომითი უფლებების დაცვა და იმ ადამიანების პოზიციაზე დაბრუნება, რომლებიც მოხსნეს ან ჩამოაშორეს ახალი ამბების სამსახურს. 

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე ამ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი საგანგაშოს უწოდებს. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მცდელობაა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის და არასასურველი ადამიანების თანამდებობიდან უხეშად ჩამოშორების. მაუწყებლის პრობლემებს გამოეხმაურა ევროპის საბჭოც და მის პლათფორმაზე განცხადება გამოაქვეყნა. 

EMC-ში მიიჩნევენ, რომ სამართლებრივად მაუწყებლის დირექტორმა შეცდომები დაუშვა და ისინი მის გადაწყვეტილებებს სასამართლოში ასაჩივრებენ. 

აჭარის მაუწყებელი

სოც. ადმინისტრატორი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში