აჭარის მაუწყებელში კრიტიკული ჟურნლისტების დევნა გრძელდება - EMC

24 მარტი 2020, 16:30 2394 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მესამე სექტორის განმარტებით ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური და სოციალური სიტუაციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა გრძელდება.

"2020 წლის 23 მარტს, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა ახალი ამბების ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს, შეუზღუდა ბათუმში მუშაობა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სამუშაოდ ქუთაისში მიავლინა. იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა, თეონა საპარლამენტო კორესპონდენტად მუშაობდა. თუმცა, ცხადია, რომ პარლამენტის თბილისში გადატანის შემდეგ, მისი სამუშაოს შესრულების ადგილი პრაქტიკით შეიცვალა და ბოლო წელს ის აქტიურად სწორედ ბათუმში მუშაობდა. რეალური საჭიროებისა და დასაბუთების გარეშე  ჟურნალისტის ქუთაისში გადაყვანა დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებაა. აღსანიშნავია, რომ  მენეჯმენტმა თეონა ხარაბაძეს ოპერატორიც არ დაუნიშნა და დაავალა მხოლოდ რადიოსა და ვებ-გვერდის მიმართულებით მუშაობა. შრომის კოდექსით, ხელშეკრულების არსებითი პირობის ნაწილია სამუშაოს შესრულების ადგილის განსაზღვრა. არსებითი პირობის შეცვლა კი შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა თანხმობით. ამ შემთხვევაში თეონასთან შრომის არსებითი პირობების შეცვლა მასთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ამ პირობებში ცხადია, რომ  მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება თეონა ხარაბაძეზე, რომელიც ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრია და ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ თვითნებურ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას  აკრიტიკებს, გავლენის მოხდენასა და მის დასჯას ისახავდა მიზნად.

ასევე 23 მარტს მენეჯმენტმა განუსაზღვრელი ვადით დახურა გადაცემა ჰეშთეგი, რომელიც გამორჩეულად კრიტიკული, პროგრესული და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული გადაცემა იყო. გადაცემის დახურვა მენეჯმენტმა ეპიდემიის გავრცელების რისკებს და ამის გამო მაუწყებელში სამუშაო რეჟიმის შეზღუდვას დაუკავშირა, თუმცა, გადაცემის ონლაინ მუშაობის ფორმატისა და შინაარსის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დირექტორის მიზანი გამორჩეულად კრიტიკული გადაცემის დახურვა უფრო იყო. აღსანიშნავია, რომ ამ გადაცემის გუნდის წევრები ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრები და მიმდინარე წინასაგაფიცვო პროცესის ლიდერები არიან და ახალმა დირექტორმა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეს და ჰეშთეგის წამყვანს სრულიად უსაფუძვლოდ განუცხადა, რომ ამ ეს ორი პოზიცია შეუთავსებელი იყო და მას გადაცემის წაყვანის უფლება არ ჰქონდა.   

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ახალმა დირექტორმა დისციპლინური დევნა წამოიწყო"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მოუწოდებს:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს - დაინტერესდეს მაუწყებელში შექმნილი კრიზისული მდგომარეობით და მიიღოს დაუყოვნებელი ზომები ახალი დირექტორის უკანონო, თვითნებური და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების შეჩერების და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესწავლის მიზნით.   

აჭარის უმაღლეს საბჭოს - დანიშნოს რიგგარეშე განხილვა აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მძიმე პროცესებთან დაკავშირებით და შეისწავლოს მის მიერ არჩეულ მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შესაბამისობა მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან და მოთხოვნებთან და მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი;

საქართველოს პარლამენტს - დაინტერესდეს აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით და მაუწყებელში შრომის, გამოხატვის და მედია თავისუფლების კუთხით შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის საპასუხოდ გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის და საჯარო პოლიტიკური განხილვის ყველა რელევანტური მექანიზმი.  

ორგანიზაციის სრული განცხადება იხილეთ ვრცლად ლინკზე.

გუშინ, 23 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, ერთი წლის წინ დახურულ ბიუროში დაბრუნება მოსთხოვა. აჭარის მაუწყებელს ქუთაისში ბიურო მანამ ჰქონდა, ვიდრე იქ პარლამენტი ფუნქციონირებდა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში