მარნეულსა და ბოლნისში ქუჩების დეზინფქეცია იწყება - ირაკლი ჩიქოვანი

25 მარტი 2020, 12:42 1306 ნახვა

სოფლის მეურნეობის ტექნიკა დღეიდან მარნეულისა და ბოლნისში ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ასევე დეზინფექცია მოხდება იმ ადგილების, სადაც საზოგადოების დიდი თავშეყრის ადგილებია. 

" ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უტარდებათ სამედიცინო ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო მხოლოდ ორი, რომლებიც მოთავსებული არიან საავადმყოფოში, მარნეულში. თუმცა, ამ ვითარებითაც არის დადებითი მდგომარეობა.

საზოგადოებაში არის სრული გაგება ამ ვითარების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მესამე დღეა, მარნეულისა  და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობას საკარანტინო რეჟიმში უწევს ცხოვრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ასევე  ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება  პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

სამართალდამცველებისა და მედიკოსები გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც პროდუქტით მოამარაგებს მუნიციპალიტეტებს.

22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეს, 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და კლინიკას მიაკითხავდა, ქალს 80-მდე პირთან  ჰქონდა კონტაქტი. 

კარანტინშია ყველა საკონტაქტო პირი, რომლის დადგენა შესაძლებელი გახდა, მათ შორის კლინიკის თანამშრომლები, რომელებსაც პაციენტმა მარნეულში მიმართა დასახმარებლად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში