ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დროებით მუშაობას აჩერებენ 

31 მარტი 2020, 11:53 2210 ნახვა

დღეიდან, 31 მარტიდან ქვეყანაში საფინანსო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

გადაწყვეტილება საქართველოს მტავრობამ მიიღო. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.

აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოსტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში