ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობის პიკს უახლოვდება

01 აპრილი 2020, 23:42 2038 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობის პიკს უახლოვდება. იგი  ექსპერტთა პროგნოზით  აპრილის შუა რიცხვებში დადგება.  თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ინფექცია უკეთეს შემთხვევაში  ასი ათას ამერიკელს იმსხვეპლებს,  უარესში კი ორ მილიონზე მეტს.

„თითოეული ამერიკელი მზად უნდა იყოს დამდეგი მძიმე დღეებისთვის.  წინ უმძიმესი ორი კვირა გველოდება . შემდგომ კი იმედი მაქვს, როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ,   სინათლეს გვირაბის ბოლოს დავინახავთ. მაგრამ ეს იქნება ორი ძალიან მტკივნეული კვირა“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

დღეისთვის აშშ-ში ახალი კორონავირუსით  205 000  -ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 4 ათას 53 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში დაღუპულთა რიცხვი 811 აღწევს, რაც აშშ-თვის რეკორდულია. 
კორონავირუსი ამერიკულ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ ბორტზეც  დაფიქსირდა. ხომალდზე  ეკიპაჟის 4000 წევრი იმყოფება და იგი გუამის სანაპიროებთანაა გაჩერებული. ხომალდის კაპიტანი  პენტაგონს  დახმარებას სთხოვს. 

ავიამზიდზე ინფიცირებულია დაახლოებით 100 ადამიანი, რის გამოც კაპიტანმა ეკიპაჟის ყველა წევრის კარანტინში გადაყვანა მოითხოვა.
 
ევროპაში  კორონავირუსის გავრცელების  სიჩქარე  თანდათანობით იკლებს, თუმცა ყოველდღიურად დაავადების შედეგად ასობით ადამიანი მაინც იღუპება.   
ყველაზე რთული სიტუაცია ისევ იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაშია.  
იტალიაში დაღუპულთა  რაოდენობა  დღე-ღამეში 837 ადამიანით გაიზარდა. ბელგიამ ევროპული ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში 12 წლის გოგონა კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი გახდა. 
ვირუსმა 16 წლის გოგონა  იმსხვერპლა საფრანგეთში . დიდ ბრიტანეთში კი COVID-19-ის შედეგად  13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. 

დიდ ბრიტანეთში აღნიშნავენ, რომ კარანტინმა დაავადების ზრდის დამუხრუჭება შეძლო, თუმცა   სიკვდილიანობის ვერა.   ქვეყანაში დღე - ღამეში ვირუსმა 400-მდე ადამიანი იმსხვერპლა.  102 136 ინფიცირებულია რეგისტრირებული ესპანეთში, რომელიც დღეისთვის მსოფლიოში იტალიის შემდეგ ინფიცირებლთა მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.  

ქვეყანაში კორონავირუსმა 9053 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მეტი ინფიცირებული 30 000 ადამიანი მადრიდშია დაფიქისრებული. იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 105  782 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 12 420  გადააჭარბა. გერმანიაში COVID -19 -ით 71 800 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია - 775.  
 მსოფლიოში დღეისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობა 882 000 აჭარბებს, გარდაიცვალა 44 000, ხოლო  განიკურნა 185 ათას 67 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში