"ვერავინ დამაჯერებს, რომ რესტორნიდან შავი ხიზილალას გამოძახება უფრო საჭირო რამაა, ვიდრე წიგნის გაყიდვა" - ონლაინ გაყიდვების შეზღუდვა

02 აპრილი 2020, 11:00 2223 ნახვა

საქართველოს მთავრობის 30 მარტს გამოცემულ დადგენილებაში წერია, რომ ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქციას კურიერების დახმარებით, ბინაზე მიტანით ყიდდნენ. 

"წიგნები ბათუმში"-ს დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ საქმიანობის შეზღუდვა ძალიან დიდი შეცდომაა.

''არ ვიცი თუ არსებობს ამ ქვეყანაში რიგითი (არა თანამდებობის პირი) ადამიანი, ვინც ჩემზე მეტად ამაყობდეს ხელისუფლების ქმედებებით - იმით, თუ როგორი შედეგებით მოვედით დღემდე, როგორ ზრუნავენ, თანმიმდევრული ნაბიჯები თუ კომუნელურების გადახდებით. ლამის ბოტად ვარ ქცეული სოც. ქსელებში და ადამიანებს ვუხსნი, ვულინკავ და მოკლედ, საზოგადოებრივ საწყისებზე ვარ მათ სამსახურში.
მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ რესტორნიდან შავი ხიზიალის და ბურგუნდიული ლოკოკინების გამოძახება უფრო საჭირო რამაა, ვიდრე წიგნის ონლაინ გაყიდვა.

პირველივე დღეებიდან, როდესაც გავიგეთ, რომ პარტნიორები გაჩერდნენ და ჩვენი კუთვნილი თანხების ჩარიცხვებსაც ვერ ახერხებდნენ, დავიჭირეთ თადარიგი, მთელი რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ მოგვემარაგებია სადეზინფექციო საშუალებები, გამემართა მანქანა და მთელი დანაზოგით შემესყიდა წიგნები იმისთვის, რომ არ დავმთავრებულიყავით, რომ ჩემს თანამშრომლებს ხელფასების აღება არ შეჩერებოდათ და კონტრაქტორებს ჰონორარების, რომ ქირების გადახდა შეგვძლებოდა კიდევ ბევრი "რომაა" ამ ჩამონათვალში, ყველაფრის ჩამოთვლა უხერხულია და ბოლოს და ბოლოს, ამ ბოლო დღეებში, ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი იშვიათი ნუგეში იყო, რომ შეეძლო ჩვენთან დაკავშირება ამ სასტიკ გარემოში საყვარელი წიგნების მიღება.

მთელი ჩემი არსით, მთელი ცხოვრება ვარ იმისკენ მიმართული, რომ ბიზნესმა სახელმწიფოსგან არ უნდა აიღოს არც ერთი თეთრი, სახელმწიფოსგან რასაც ვითხოვთ, არის კონკურენტული გარემო და დახვეწილი კანონმდებლობა და არ ვიცი, შეიძლება ვინმემ უპასუხისმგებლოდ ჩამითვალოს ეს სტატუსი, მაგრამ მართლა მგონია, რომ იმის ფონზე, როდესაც დღეში ათჯერ მაინც გვიძევს პატრულში დარეკვა იმისთვის, რომ ქუჩებში ბირჟები დაშალონ, ქეიფები და ჯოკრის თამაშები აღკვეთონ - ამის ფონზე, ჩვენი საქმიანობის შეზღუდვა ძალიან დიდი შეცდომაა'' - დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ბაკურიძემ. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც უსაფრთხოების შესაბამის პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში მიიღებს ე.წ. „დელივერი სერვისის” განხორციელების ნებართვას.

'' ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა. როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ? ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“,- განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში