რეკომენდაციები ეხება ყველას - მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც

02 აპრილი 2020, 14:02 1938 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, მანამდე კი ბზობის დღესასწაულია.  მოსალოდნელია, რომ სადღესასწაულო წირვა-ლოცვაზე ათასობით ადამიანი მივა, რაც საფრთხეს ქმნის კოვიდ 19-ის გავრცელების. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ ქუჩაში გადაადგილება, აღარ მუშაობენ სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, აიკრძალა ყველა ობიექტის მუშაობა, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა, რის გამო უმარავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. მოქალაქეებს აქვთ რეკომენდაცია არ წავიდნენ სტუმრად და დისტანცირება მოახდინონ საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი -  ამ ტიპის შეზღუდვებს სახელმწიფო პანდემიის გავრცელების საფრთხით ხსნის. მოქალაქეების მხრიდან დაცული დისტანცირებისა თუ უსაფრთხოების ზომების მიღების მიუხედავად,  ეპიდემიოლოგებმა და ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებაც.   

თავის მხრივ,გაამკაცრა რეკომენდაციებისამებრ ზომები ეკლესიამაც, დაამონტაჟა ქუჩაში წირვის ტრანსლირებისთვის აუდიო მოწყობილობა, გააკეთა მრევლისთვის ეზოებში დისტანცირებისთვის მონიშვნები. თუმცა, წმინდა სინოდმა უარი თქვა შეეცვალა ერთი კოვზიდან ზიარების წესი, ასევე გუშინ, 1 აპრილს, პატრიარქმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ  არ აპირებს ეკლესიის კარი დახუროს. მრევლს კი მოუწოდა, თუ აქვთ შიში, ან არიან რისკჯგუფში არ მივიდნენ წირვაზე. 

არის თუ არა წესების დაცვისა და ზომების გატარების მიუხედავად თავყრილობა სახიფათო? პაატა იმნაძე ამბობს, რომ სახიფათოა და ზრდის რისკებს ინფექციის გაზრდის. 

"სადაც არის თავყრილობა, იქ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს ინფიცირება. სადაც იკრიბებიან ადამიანები ერთად, იქ საფრთხეა ინფიცირების, მათ შორის რა თქმა უნდა ეკლესიაში. 

ჩვენი რეკომენდაციები ეხება ყველას ერთნაირად - მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც - თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი კონტაქტებისგან, სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში ინფექციის მატება იყოს კონტროლირებადი, არ გახდეს ასეულობით მატება და დარჩეს ასე, ათეული მატებით.  ყველამ უნდა დაიცვას, სოციალური დისტანცირება საკუთარ ოჯახებშიც კი" - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში