შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, რაშიც გავერკვევით - პრემიერი პოლიციელების აგრესიულობაზე

04 აპრილი 2020, 14:52 1872 ნახვა

შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, ამაზე დღეს დაველაპარაკები აჭარის პოლიციის უფროსს და გავერკვევით - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გიორგი გახარიამ იმის თაობაზე, რომ კომენდანტის საათის დროს აჭარაში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეები განსაკუთრებულ აგრესიულობაზე საუბრობენ.

პრემიერის თქმით, ისინი მოქალაქეებზე ზრუნავენ და ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ექიმებთან და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად.

"პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს და გავერკვევით. თუმცა ვირუსთან ბრძოლის  წინა ხაზზე არიან ექიმები და პოლიციელები, ისევე როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ქსელურ სავაჭრო ობიექტებში მუშაობენ, მუნიციპალური სამსახურში მომუშავეები, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია აქ გაარჩიო ვინ უფრო მეტს შრომობს თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო და მინდა მოვუწოდო, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება და ეს ბრძოლა არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა გვესმოდეს, რომ კოვიდ 19 არის მოვლენა და უნდა ვისწავლოთ მისი მართვა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გუშინ "ბათუმელებთან"ერთ-ერთი ადგილობრივი ყვებოდა, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიციელებმა ის მანქანაში შეტენეს და ცემეს. მოქალაქის თქმით, იგი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს და 500 ლარით დააჯარიმეს. უცნობია, მას ედავება თუ არა პოლიცია კომენდანტის საათის პირობების დარღვევას.

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში