კორონავირუსით ინფიცირებულია მედპერსონალი - თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

06 აპრილი 2020, 11:24 2041 ნახვა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მათი კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდათ.  მარეხი ბექაიას განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.

კლინიკის წარმომადგენლების განმარტებით, წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მათი აზრი ორად არის გაყოფილი. 

''გუშინ 4 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, ყველა მათგანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მათ შორის ორი ჩვენი კლინიკის დაბალი მედპერსონალია. მათი მდგომარეობა მსუბუქია. ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ მიღება შევაჩერეთ, სანამ ყველას არ ჩაუტარდა კვლევა და თერმოსკრინინგი. ამ პერსონალს ვისთანაც ჰქონდათ შეხება ყველა კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი. მათ შორის ის პაციენტები ვისთანაც ისინი მუშაობდნენ. კონტაქტირებული პირების არეალი მცირეა, მედიკოსების უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე. 

აღნიშნულ შემთხვევაში ეპიდემილოგების აზრი გაიყო, ნაწილი ფიქრობს რომ შეიძლება ისინი ვირუსის  მატარებლები იყვნენ და ახლა გამოვლინდა, ნაწილი კი ფიქრობს რომ ადგილზე დაინფიცირდნენ. 

ოჯახის წევრებთან სპეციალისიტები მუშაობენ'' - აცხადებენ კლინიკაში. 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 50-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი რეანიმაციაშია, 49 კი თერაპიული პაციენტია.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსი სამედიცინო პერსონალს  დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში