COVID-19-ის პრევენციისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე ხულოში არ პასუხობენ

06 აპრილი 2020, 18:39 1989 ნახვა

სამი დღის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ცხელი ხაზი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები შეძლებდნენ დარეკვას და ინფორმაციის გაცვლას. 

ცხელი ხაზის ამოქმედებიდან მესამე დღეს, მაუწყებელი შეეცადა დაეზუსტებინა, როგორ მუშაობს ცხელი ხაზი მაღალმთიან აჭარაში და რას ითხოვენ მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან. 

ხულოს მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე დაკავშირება მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხულოს ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, 24 საათის განმავლობაში მერის მოადგილემ,  ნადიმ ვასაძემ, მობ: 598 09 22 22, უნდა უპასუხოს. 

დღეს, 6 აპრილს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელეფონის ნომრით ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ხულოს ცხელ ხაზს არავინ პასუხობს. 

რაც შეეხება  შუახევს,  აქ ცხელ ხაზს მერის მოადგილე - რუსუდან შავაძე მობ: 577 202 254 პასუხობს.

რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დღეში 10- დან 15 -მდე შეტყობინება  შედის. მოქალაქეები ძირითადად სურსათს ითხოვენ. აზუსტებენ ვის უწევს და ვის არა საკვები, რომელსაც მუნიციპალიტეტი 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, საწოლზე მიჯაჭვულ მოხუცებსა და მარტოხელებს ურიგებს.

მისივე თქმით, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებოდათ ბათუმიდან, მათ ფსიქოტროპული წამლები ესაჭიროებოდათ. ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა ტრანსპორტირებას უკავშირდება, რადგან შეზღუდულია გადაადგილება. 

ხელვაჩაურის ცხელ ხაზზე მოქალაქეების დიდი ნაწილი ქედის მსგავსად, გადაადგილების პრობლემების გამო რეკავენ. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - კახა გეგიძე ამბობს, რომ როგორც ყველგან, აქაც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ითხოვენ საკვებით დახმარებას. ირწმუნება, რომ შეტყობინებებს შესაბამის სამსახურებს აწვდის.

რაც შეეხება ქედას, ცხელ ხაზზე აქ ზარების რაოდენობა ნაკლებია. როგორც გვითხრეს, სამ დღეში მხოლოდ  20-დე შეტყობინება შევიდა. აქ ამბობენ, რომ  ის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მათ საკვები მოითხოვეს. ამასთანავე იყო რამდენიმე ზარი  ტრანსპორტირების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში