არ შეიძლება საღმრთო ზიარება იყოს დამაინფიცირებელი - მეუფე დიმიტრი

07 აპრილი 2020, 11:53 3107 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროფოლიტი ამბობს, რომ ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების წყარო ვერ იქნება - ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ დღეს, ხარების დღესასწაულზე, ღვითისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში იქადაგა. 

''უამრავი განსაცდელი გამოუვლით წინაპრებს, ამ განსაცდელებს ყოველთვის დიდი სიმტკიცით, რწმენით პასუხობდნენ ისინი. დღევანდელი გამოწვევა ამ პანდემიის სახით მოგეხსენებათ, როგორ შეატორტმანა მთელი დედამიწა, როგორ შეუცვალა სახე და ხშირად ამბობენ ექსპერტები, რომ უწინდელი მდგომარეობა ჩვენი ყოფის თუ ქვეყნის მოწყობის აღარ იქნება. ამ განსაცდელის ჟამს აუცილებელია რწმენა ღვთისა, რომელიც არის გადამრჩენელი ამ ალიაქოთში და მძიმე ცხოვრებაში საღმრთო ზიარებით.

იცით თქვენ როგორი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თუნდათ ურწმუნოთა შორის ზიარების საკითხმა. მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ არაეკლესიურთა შორის, მე მქონდა საუბარი ისეთ ადამიანებთანაც ვინც წლების მანძილზე ეზიარებოდა და ისინიც კი გარკვეულწილად ეჭვს გამოხატავდნენ. მე მათ ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება საღმრთო ზიარება იყოს დამაინფიცირებელი, რამე თუ 2000 წელია ზიარების დროს ჩვენ ვეუბნებით მორწმუნეებს საკურნებლად სულისა და ხორცისა. როგორ შეიძლება საკურნებელმა სულისა და ხორცისამ დაგასნეულოს'' - თქვა ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ.

COVID 19-თან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, მათ შორის ზიარების წესის დროებით შეცვლაზე (ერთჯერადი კოვზებით, ან შეჩერებაზე). ამ წესის მიხედვით, ასეულობით მორწმუნის ბარძიმიდან ზიარება ერთი კოვზით ხდება და ვირუსის გადადების საფრთხეები არსებობს. 

სინოდის 20 მარტის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელი იყო. 

კონკრეტული მღვდელმსახურები ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. 

ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინებოდა ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. 

გუშინ პაატა იმნაძემ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს თხოვნით მიმართა, რომ დარჩნენ სახლში. მისი თქმით, რადგან ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, მრევლმა უნდა გამოიჩნოს პასუხისმგებლობა და დაიცვას მოძღვრები კორონავირუსისგან.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში