COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა ქობულეთსა და ბათუმში 

08 აპრილი 2020, 10:24 8456 ნახვა

აჭარაში  COVID-19 კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა - ისინი გუშინ, 7 აპრილს, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. როგორც ცნობილია კორონავირუსი დაუდგინა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვირუსი აღმოაჩნდა ქალის ოჯახის ორ წევრს - მამასა და შვილს და ასევე ქობულეთში, სამ ადამიანს. ნინო ნიჟარაძის თქმით, ჯერ-ჯერობით პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. 

''გუშინ ღამით დაგვემატა ხუთი ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ხუთივე გახლავთ ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. მათი ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. მას უკავშირდება როგორც მედპერსონალის, ასევე ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის კონტაქტებიც, სამეზობლოზეა საუბარია. 

პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტირებული პირი, 17 გახლავთ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, 20 კი ოჯახური კონტაქტია. 

აღებული იქნა ლაბორატორიული კვლევისათვის 16 ნიმუში და მათ შორის დადასტურდა ხუთი. ხუთიდან ორი ოჯახის წევრია, სამი კი სამეზობლოა. სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურება არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულთა სია გაიზრდება. ეს არის პირველადი რისი გაკეთებაც ერთ დღეში მოხერხდა. ვმუსაობას განვაგრძობთ როგორც კლინიკებში, ასევე ოჯახებში'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

ყველა მათგანი კლინიკა მედალფაშია გადაყვანილი. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქობულეთის კლინიკამ ამ ეტაპზე პაციენტების მიღება შეაჩერა. როგორც ცნობილია ინფიცირებული ქალის მამა სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ფილტვების ანთების დიაგნოზით ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. 

''ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ვეძებთ პაციენტების კვეთის ადგილებს. რომელსა კლინიკაში იყვნენ. ასე რომ თითოეული პაციენტის ირგვლივ შეისწავლიან კონტაქტებს. ვიცით, რომ კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასასვლელი მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება, ახლა უნდა შევისწავლოთ ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემხებლობა მედპერსონალთან. ასევე მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის დაცვით იზოლაცია'' - ამბობს მინისტრი. 

აჭარაში დღეს კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 5 გამოჯანმრთელებულია. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში