აშშ-ში კორონავირუსმა დღე-ღამეში 2000 ადამიანი იმსხვერპლა

08 აპრილი 2020, 14:18 1895 ნახვა

2 ათასამდე ლეტალური შედეგია რეგისტრირებული ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში, რაც მსოფლიოში  კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან  სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.  

მხოლოდ ნიუ-იორკში ერთ დღე-ღამეში რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა, სულ ქალაქში კორონავირუსული ინფექციით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად.   აშშ-ში დღეისთვის 400 ათასზე მეტი ინფიცირებულია. ეპიდემიოლოგების შეფასებით,  ქვეყანაში  ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ  შესაძლოა 240 ათასს მიაღწიოს. ევროპაში ყველაზე რთული სიტუაცია ესპანეთშია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსმა 757 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 6 ათას 180 ადამიანით გაიზარდა. სულ ესპანეთში 146 ათას 690 ინფიცირებულია რეგისტრირებული, დაიღუპა 14 ათას 555 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 48 ათასზე მეტი. კორონავირუსული პანდემიის შედეგად საფრანგეთში 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 3 ათასი მოხუცებულთა თავშესაფარში.  

ქვეყანაში 78 ათასზე მეტი დაავადებულია. იტალიაში კორონავირუსის 135 ათას  500-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. პანდემიას ქვეყანაში 17 ათას 127 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით,  დადებითი დინამიკა შეინიშნება ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და დანიაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში