9 აპრილი - 31 წელი საქართველოს ტრაგედიიდან

09 აპრილი 2020, 09:25 6164 ნახვა

1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით  რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.

საბჭოთა ჯარისკაცები მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდენენ. კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.

9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც

9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე მოქალაქე.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

31 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში