ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 მოქალაქეს დაუდასტურდა 

10 აპრილი 2020, 10:51 15444 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის რამდენიმე სოფელზეა საუბარი. ინფიცირებულთა შორის არიან პირები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ. 

''ჩვენ გუშინ მოვიძიეთ ქობულეთში დამატებით 40 პირი, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა დაავადებულებთან. 8 პირისგან ავიღეთ ანალიზი და 6 დაუდასტურდა კორონავირუსი. ისინი მედიკოსები არ არიან, საოჯახო კონტაქტებია.

ინფიცირებულებს შორის განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფია, ერთი არასრულწოვანია. ქობულეთის კლასტერიდან, გამოკვლეული 148 პირიდან დღეს 6 დაემატა. საუბარია სხვადასხვა სოფელზე, მხოლოდ გვარაზე არა. მათ შორის ქალაქის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. უკვე ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს ვიკვლევთ'' - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ. 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სხვა პაციენტებს, ნინო ნიჟარაძის თქმით, ერთის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

''ერთი ახალი პაციენტია საყურადღებოა და შედარებით მძიმეა მისი მდგომარეობა. სხვა პირების მსუბუქია. ერთი მოქალაქის გამოჯანმრთელებას ველოდებით. ანალიზი ჩაბარებულია და პასუხები მალე იქნება ცნობილი'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარაში კორონავირუსი უკვე 20 ადამიანს დაუდასტურდა. 16 უკვე კლინიკა მედალფაშია მოთავსებული, 4 კი ტრანსპორტირების პროცესშია. 

გუშინ კორონავირუსი  დაუდასტურდა დედასა და 10 წლის შვილს. ისინი დღეს მათივე თხოვნით თბილისში გადაჰყავთ. როგორც ცნობილია ისინი ბათუმელები არ არიან. 

საქართველოში კორონავირუსი დღეს, 10 აპრილს, კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში