შეიძლება ვთქვათ, რომ საავადმყოფოში შიდა გავრცელებას ჰქონდა ადგილი - ნინო ნიჟარაძე

11 აპრილი 2020, 20:53 1592 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოძიებული ინფორმაციით ქობულეთის საავადმყოფოში ადგილი ჰქონდა შიდა გავრცელებას, რაც დაუშვებელია.

"შეიძლება ვთქვათ, რომ საავადმყოფოში შიდა გადაცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. პირველადი მოძიებული ინფორმაციით არის საავადმყოფო შიდა ინფექცია დაფიქსირებული, თუმცა დეტალიზირებული ინფორმაცია დასკვნის სახით ჯერ არ გვაქვს. მაგრამ ეს ფაქტი ამ მოძიებული ინფორმაციით დასტურდება"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ვისი ბრალეულობა იკვეთება ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი რამ საავადმყოფოს შიგნით არ უნდა მოხდეს.

"​თუ არის საავადმყოფოს შიდა ინფექცია, ეს არის სამედიცინო დაწესებულების შიდა სივრცეში, რაც არ უნდა დაფიქსირებულიყო, ინფექციური კონტროლის ღონისძიებების გარკვეულწილად დარღვევა. ამ ეტაპზე ბრალეულობაზე არ ვსაუბრობ,  რადგან საბოლოო სახე არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემთხვევები საყურადღებო იყო. ნებისმიერი ტიპის ინფექციის გავრცელება საავადმყოფოს შიგნით არ უნდა მოხდეს"-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსზე ანალიზი აუღეს ქალს, რომელიც ქობულეთის იმ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ინფიცირებული კაცი მიიყვანეს. ქალი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სწორედ მასთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა რეანიმაციაში პირმა, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდგინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში