ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია 

13 აპრილი 2020, 10:57 2639 ნახვა

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაშია დაფიქსირებული და ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მათ კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული და შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“  - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა. 

ჯამში, ''COVID 19''-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.

თავდაპირველად ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ბათუმის ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ის სოფელ გვარაში იყო სტუმრად. მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა მის 5 კონტაქტს, ისინი ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

10 აპრილს კი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი 6 მოქალაქეზე მიიღეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ინფიცირებულთა სია ამით არ სრულდება, სავარაუდოდ, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ბაღდათში დაფიქსირებული პირველი შემთხვევაც.

როგორც ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა მეუღლის ოჯახში, სოფელ გვარაში, სადაც ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთო ამ ოჯახის წევრია. ბაღდათის, სოფელ შუბანში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 ადამიანია, კარანტინში კი 2 პირია გადაყვანილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში