აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა

13 აპრილი 2020, 17:19 4585 ნახვა

ბათუმში კორონავირუსი დღეს, 13 აპრილს, კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ის საკარანტინო სივრციდან კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნული პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული არ არის და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ამ ეტაპზე აჭარაში COVID-19-ის დიაგნოზით სულ 25 პაციენტი მკურნალობს. 

რაც შეეხება ქობულეთს, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ კვლევის პასუხები დღის ბოლოს ეცოდინებათ და არ არის გამორიცხული რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, რამდენიმე მოქალაქეს რესპირაციული ჩივილები აქვს. 

​''სულ აღებული იყო 66 სინჯი და მათგან 65-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. მხოლოდ ერთია დადებითი. ეს იმპორტირებული შემთხვევაა. 

გეტყვით ქობულეთის საკითხზეც. სულ 355 არის პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, 170 უკვე ჩაუტარდა კვლევა. ეტაპობრივად ყველას აუღებენ ანალიზსს. 

ამ ეტაპზე ქობულეთიდან დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, ისევ 20 პაციენტია, თუმცა კვლევაში არის ნიმუშების გარკვეული რაოდენობა და პასუხი მალე გვეცოდინება. რამდენიმესთან ველოდებით დადასტურებას. ესენი უკვე თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან, რომლებთანაც წამოვიდა რესპირაციული ჩივილები და ვფიქრობთ, რომ შეიძლება დაუდასტურდეთ. ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. 

გარდა ამისა შეზღუდვების პერიოდში ოთხივე სოფელში და ქალაქშიც ყველა პირის, არა აქვს მნიშვნელობა თვითიზოლაციაში არის თუ არა, უტარდებათ თერმოსკრინინგი და მათი ეპიდემიოლოგიური ანამნეზის შეგროვება ხდება, ანუ უკანანსკნელი ორი კვირის განმავლობაში ხომ არ ჰქონდათ რესპირაციული ჩივილები. მათ დამატებით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკა. 

სკრინინგი 1600 მეტმა ადამიანმა გაიარა და 4 ჰქონდა ცხელება. ამ წუთებში მათ ანალიზს უღებენ'', - უთხრა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში