ქობულეთის კლასტერს კიდევ ოთხი ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი ბავშვია

15 აპრილი 2020, 10:41 9243 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, აქედან ოთხი ქობულეთის კლასტერიდანაა. ორი პაციენტი კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს, ორი კი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში. ინფიცირებულებს შორის ერთი ბავშვია, კორონავირუსი დაუდასტურდა არასრულწლოვანის დედასაც.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან COVID-19სულ 29 პირს აქვს. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი სოფელ მუხაესტატეს მკვიდრია, ორი კი ბათუმელია, რომლებიც სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდნენ. 

''გუშინ ლაბორატორიაში საერთო ჯამში 75 ნიმუში შევიდა, ეს იყო ცხელების ცენტრიდან, საკარანტინო სივრცეებიდან და ქობულეთიდან. აქედან 4 დადებითი პასუხი გვაქვს და ყველა ქობულეთს უკავშირდება, ერთი არასრულწლოვანია. მშობელთან ერთად ის ქუთაისში გადაიყვანეს.  

რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს 29-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა. 410 კონტაქტირებული პირია. 210 უკვე ჩაუტარდა კვლევა. გუშინ ღამით ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული 15 პირის ნიმუში იქნა ჩამოტანილი და დღეს დაველოდებით მათ პასუხებს. დღის განმავლობაშ გვეცოდინება ცხელების ცენტრებში მყოფი 18 სავარაუდო შემთხვევის პასუხებიც. უკვე 5 600 პირი დაექვემდებარა თერმოსკრინინგს. 21 საყურადღებო შემთხვევა იქნა გამოვლენილი, მათ ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითია.

ახალი შემთხვევებიდან 4-ვე არის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული, თუმცა ორი პირი ბათუმის მაცხოვრებელია, ისინი იმყოფებოდნენ სტუმრად იმ სოფლებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

კლინიკა მედალფაში ამ ეტაპზე 30 პაციენტი მკურნალობს.

მედიკოსების თქმით, 4 პაციენტს შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვთ, სხვა შემთხვევებში კი სიტუაცია სტაბილურია და მართვას ექვემდებარება. ორი პირი მართვით სუნთქვაზეა.

''კლინიკაში ჯამში 30 ინფიცირებულია. ერთი გულის უკმარისობითა და ფილტვების ანთებით შემოიყვანეს. მას კვლევა უტარდება და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ორი ქობულეთის კლასტერიდანაა. ახალგაზრდები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლევან ანთაძემ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში