უნდა მოვუსმინოთ სასულიერი პირებს და არა ურწმუნო ექიმებს და ხელისუფლებას - მეუფე იობი

16 აპრილი 2020, 11:45 3976 ნახვა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი მრევლს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ექიმებს არ დაუჯერონ და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოწოდება გაითვალისწინონ.

მისი თქმით, პანდემია, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, "ჩვეულებრივივი" ვირუსია, მოსახლეობის ნაწილში უსიმპტომოდ გადაუვლის და განიკურნება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კი მეუფე იობი მასონურ გადაწყვეტილებად აფასებს.

მეუფემ ქადაგებისას კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ პანდემიას ძირითადად მოხუცები ეწირებიან, რომელთა უმრავლესობაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სასულიერი პირებს, ამ შემთხვევაში უწმინდესსა და უნეტარესს. მისი ლოცვა-კურთხევა უნდა იყოს მთავარი და არა ურწმუნო ხელისუფლების და ექიმების მოწოდება. თუ ჩვენ დავაკვირდებით კორონავირუსისგან მხოლოდ მოხუცები არიან გარდაცვლილები, როცა უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში