ქობულეთში ცხელების ცენტრს ამზადებენ, სადაც 10 ბოქსირებული პალატა იქნება

16 აპრილი 2020, 17:15 3273 ნახვა

ქობულეთში, პირველადი ჯანდაცვის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის შენობაში, ბოქსირებულ პალატებს ამზადებენ. ეს იქნება ცხელების ცენტრი, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ პაციენტებს ახალი ვირუსი არ დაუდასტურდებათ ადგილზე უმკურნალებენ, კოვიდ ინფიცირებულებს კი სხვა პროფილურ კლინიკებში გადაამისამართებენ. 

კლინიკა „ბომონდის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ხორციელდება. ​ბოქსირებული პალატები აღჭურვილი იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტების აპარატურით. მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება და მათ ტრენინგები უტარდებათ. 

''პაციენტები დაკვირვების ქვეშ იქნებიან ბოქსირებულ პალატებში. რეანიმაციული პალატა იმ პაციენტებისთვის მზადდება, რომელებიც ცხელებით შემოვლენ, მაგრამ COVID-19-ზე უარყოფითები იქნებიან. სხვა ინფექციების მქონე პაციენტებს კლინიკაში ვუმკურნალებთ'' - უთხრა მაუწყებელს კლინიკა „ბომონდის“ ხელმძღვანელმა მამუკა მიქაძემ. 

ქობულეთის პირველადი ჯანდაცვის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რადგან ქობულეთში საჭირო რაოდენობის ბოქსირებული პალატები არ არის. ქეთევან ნოღაიდელის განმარტებით, კლინიკა მზად თვის ბოლოს იქნება.

''კლინიკა ბომონდმა გადაწყვიტა დახმარებოდა ქვეყანას და გაგვეკეთებინა ბოქსირებული პალატები. მიდის აქტიური სამუშაოები. ყველაფერი პროტოკოლით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით ხორციელდება.  ადგილზე ამ ოთხი ბრიგადა მუშაობს'' - აცხადებს ქეთევან ნოღაიდელი. 

პროექტისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული კლინიკა ამ ეტაპზე, მხოლოდ ცხელების მქონე პაციენტებს მიიღებს, ადგილზე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობა არ იგეგმება. 

ქობულეთის რეგიონალურ კლინიკაში, ერთი ბოქსირებული განყოფილებაა და მხოლოდ ერთი იზოლირებული პალატაა. 

აჭარაში კოვიდ ინფიცირებულებს ამ ეტაპზე ბათუმის კლინიკა მედალფაში მკურნალობენ. 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში