მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას რეალურად უზრუნველყოს მოქალაქეების თავშეყრის შეზღუდვა-სახალხო დამცველი

17 აპრილი 2020, 10:27 1573 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.

ომბუდსმენის განმარტებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკას ეყრდონა ქვეყანაში გაიზარდა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საფრთხე, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს.

"მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების დროს, რადგან გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი შესაბამისი სიმპტომები და არ იციან წარმოადგენენ თუ არა ვირუსის მატარებლებს. ასეთი ადამიანების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა კი ვირუსის გადადების დიდ რისკებს შეიცავს, რაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. აღნიშნულ რისკებს განსაკუთრებულად ზრდის 2020 წლის 15 აპრილს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება"-წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინოს დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში