რამდენიმე საათი სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე

18 აპრილი 2020, 20:00 1692 ნახვა

სულ რამდენიმე საათი რჩება სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე.  23  საათზე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდება. წესისამებრ წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, შემდეგ კი  დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო  საღვთო ლიტურგია. მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.

9 საათის განმავლობაში მრევლს ტაძარში ყოფნა პირბადით და დისტანციის დაცვით მოუწევთ. ამასთან კომენდანტის საათის გამო მორწმუნეები ტაძარში 9 საათამდე უნდა მივიდნენ, რადგან საქართველოს საპატრიარქომ პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად სააღდგომო რიტუალთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილება არ შეცვალა.

გადაწყვეტილება შეცვალა ბათუმისა და  ლაზეთის ეპარქიამ, სამების დედათა მონასტერში მსახურება მხოლოდ სასულიერო  პირების მონაწილეობით მრევლის გარეშე შესრულდება.  მორწმუნეებს აღდგომის ღამის წირვაზე თვალის დევნება ჩვენი არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში შეეძლება. მრევლთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ ტაძრებში წირვა დილის 7 საათიდან კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში