ე.წ. ეკლესიის კლასტერს უნდა ველოდოთ ორ კვირაში - ვახტანგ კალოიანი

20 აპრილი 2020, 14:29 1878 ნახვა

აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებში ათობით ადამიანი მივიდა. მათი დიდი ნაწილი დისტანციას იცავდა, ეკეთათ პიბადეებიც. იყო ტაძრები, სადაც ლიტანიობის დროს მრევლი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგა და რეკომენდაციების დაცვას ვერ ახერხებდა. 

19 აპრილის ღამის შედეგები 10 დღეში ან მაქსიმუმ ორ კვირაში გამოჩნდება. ​ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ მრევლი თვითიზოლაციაში გადავა რისკები არ განულდება, თუმცა შემცირდება. 

''უხეშად ავიღოთ 2 კვირა, თუმცა  მანამდეც შესაძლებელია პაციენტების მატების სურათი გვქონდეს. რა თქმა უნდა ის ხალხი, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ თავშეყრაში, ამ შემთხვევაში ეკლესიაში იმყოფებოდნენ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათი იზოლაცია ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს. ვერ  ვიტყვი, რომ გაანულებს, მაგრამ  ძალიან შეამცირებს'' - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

სპეციალისტი განმარტებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ერთდროულად მაქსიმუმ 1500 პაციენტს გაუმკლავდება. 

''ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრები არის, რასაც ოფიციალური წყაროები გვეუბნებიან. თავიდან  ფიგურირებდა 2000 ადგილი, შემდეგ ჩამოვედით 850-ზე. მოდით ასე ვთქვათ, პლიუს-მინუს 1000-ის ფარგლებში სისტემა შეძლებს მშვიდად მიიღოს პაციენტები. მე მგონია, რომ 2000 ცოტა გადაჭარბებული რიცხვია. ჩემი ვარაუდით, რაც მე ციფრებთან მაქვს შეხება 1000-1500 ერთდროული სისტემა აიტანს. 

ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ავადობა როლს არ თამაშობს, ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი არც ისე დიდია. დინამიკაში თუ  პაციენტების რაოდენობა გაიზარდა მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება. ჩვენი  ჯანდაცვის სიტემა არ არის გერმანიის ჯანდაცვის სისტემა, იტალიის და ესპანეთისაც კი არ არის. პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და ეს ვიცით კარგად'' - ამბობს ​ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი.

კითხვაზე რამდენ ხანს შეიძლება იყოს რეკომენდაცია ''დარჩით სახლში'' - ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ პიკის გადავლამდე ეს აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

''დარჩით სახლში უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ ეპიდემიის პიკს არ გადაივლის. შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა. მზეზე ყოფნა არის კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე გარეთ  გასვლა დიდ  ხიფათს შეიცავს, ამიტომ რაღაც სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. ჯერ პიკის ეტაპზე ვართ, როცა ამას გადავივლით, მერე შეიძლება გავრისკოთ და ვისეირნოთ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ვახტანგ კალოიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში