პლაქველინი საქართველოში მთავარ სამკურნალო საშუალებად რჩება - თენგიზ ცერცვაძე

28 აპრილი 2020, 14:56 1821 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პლაქველინთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად იგი საქართველოს გაიდლაინში რჩება მთავარ სამკურნალო საშუალებად.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება მანამ, ვიდრე ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტო საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები პლაქველინთან დაკავშირებით, რომ ის შეიძლება არ იყოს ისე ეფექტური კორონავირუსთან საბრძოლველად. ამის მიუხედავად მთავარი ორგანო, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტო მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება. ის რეკომენდაციას უწევს პლაქველინის გამოყენებას, შესაბამისად სანამ ამერიკა არ გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, მანამ საქართველოს გაიდლაინში შესწორება არ იქნება შეტანილი და ის რჩება მთავარ სამკურნალო საშუალებად.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, რომელიც საკმაოდ დაგვიგროვდა, ინოვაციური მეთოდები, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაიდლაინში იქნება შეტანილი"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი კვლევა, ვიდრე ზოგადად მთელი მოსახლეობის გამოკვლევა, რადგან მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოიკვლევენ და არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობაც ძალიან დაბალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში