ვერ წარმომიდგენია, რომ უკრაინას ერთი ადამიანის გამო უღირდეს სასწორზე დადოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა - პრეზიდენტი

29 აპრილი 2020, 10:21 1439 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო  დანიშვნას, საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ შემაშფოთებელია, როცა საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი პირს მეგობარი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით ასეთი ქმედებები ჩრდილს აყენებს არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არამედ საერთაშორისო დონეზე ორივე ქვეყნის რეპუტაციას. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ არგუმენტაციას და მომავალში მსგავსი ქმედებებისგან თავს შეიკავებს.

"პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება.

ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ - ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება."-საქართველოს პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში