ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

01 მაისი 2020, 14:13 2201 ნახვა

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3600 სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპლიკანტების რეგისტრაცია გუშინ დაასრულა. 

შარშან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. მათივე განმარტებით, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად, იმოქმედებენ ეპიდსიტუაციის და რეკომენდაციების შესაბამისად.

"სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს"-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში