შეღავათები ტურისტულ სექტორს საშუალებას მისცემს მიიღონ ტურისტები და შემოსავლები განვითარებისათვის - თორნიკე რიჟვაძე

07 მაისი 2020, 16:22 1646 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი შეღავათებით აჭარაში ბევრი სასტუმრო და განთავსების ობიექტი ისარგებლებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს შეღავათები ტურისტულ სექტორს საშუალებას მისცემს ​პოსტვირუსულ პერიოდში შეძლონ მიიღონ ტურისტები და მიიღონ ის შემოსავლები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი სწორი და მდგრადი განვითარებისთვის.

თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაიხსნება რეგიონში ტურისტული სეზონი, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა და სავარაუდოდ ხვალიდან ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდვები მოიხსნება.

"ბოლო ერთი კვირაა ჩვენ უკვე აღარ გვიფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება და სავარაუდოდ ხვალიდან ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში.

რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა ხელშეწყობის ღონისძიებებისა მათ უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთხოების ზომები. სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი ამ კუთხით აქტიურად იქნება ჩართული. როგორც შიდა კონკურენციის ნაწილში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში რომ მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა.

საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში იხარჯება 7 მილიონი ლარი საკარანტინო სივრცეებისთვის, თუმცა იმ ახალი გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობას, ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება შესაბამისი რესურსი გამოყოფილი ამ კონკრეტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინფექციონისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ზღვის წყალი გადამტანი არ არის, რაც შეეხება პლაჟებზე სოციალურ დისტანციას, იმედოვნებს რომ მას მოქალაქეები თავად დაიცავენ.

"ინფექციონისტების მოსაზრების მიხედვით ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს საიმედო პროგნოზია. რაც შეეხება დისტანცირებას, ჩვენი მოქალაქეები და ტურისტები მაქსიმალურად შეეცდებიან დისტანცირების დაცვას და ჩვენი რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში