ბათუმის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა 

11 მაისი 2020, 12:39 2148 ნახვა

11 მაისს ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა. მოვაჭრეების ნაწილმა დახლზე სარეალიზაციოდ პროდუქცია უკვე გამოიტანა, მაღაზიების ნაწილი კი დღეს ისევ დაკეტილი იყო. 

ბაზარში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ.  შენობის შესასვლელთან ჯერ-ჯერობით დეზობარიერი დამონტაჟებული არ არის. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია შენობაში შესულ პირებს ჰქონდეთ პირბადე და ხელთათმანი. 

ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს. 

''აგრარული ბაზრის შიდა დახურული სივრცე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია არის დაცული, რაც ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. თუ კი იქნება დარღვევა და ის რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, რა თქმა უნდა დაიხურება. შესაბამისად მოვუწოდებ ყველა ბაზარს დახურულ სივრცეებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ბაზარი მუდმივი ზედამხედველობის და მონიტორინგის რეჟიმში იქნება. ახლა გახსნილია მხოლოდ სასურსათო ობიექტები, ის ნაწილი, რომელიც არ არის ტანსაცმლის. მომდევნო ეტაპზე გაიხსნება ყველა ის მაღაზია რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და აქამდე იყო დაკეტილი'' - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა არც შეჩერებულა. მოქალაქეები პროდუქციას ღია დახლებზე ყიდდნენ. 

საქართველოში არსებული 90-მდე აგრარული ბაზრიდან ექსპლუატაციაში მხოლოდ 47 შედის. დანარჩენები ფუნქციონირებას შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააგრძელებენ. თუ არ იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია შესაძლებელია ბაზრები ისევ დაიხუროს.

ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს დეზინფექცია ჩაუტარდება. რეკომენდაციების შესრულებას ინსპექცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებს. 

ბათუმის აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიხურა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში