თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა აჭარა მწვანე ზონა იქნება 

14 მაისი 2020, 16:10 10335 ნახვა

აჭარაში  უკვე 14 დღეა კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. აქედან სამი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება. თუ კვლევა კვლავ უარყოფით შედეგს აჩვენებს ისინი კლინიკებს დატოვებენ. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც რეანიმაციაშია, მას რამდენიმე დღეა ვირუსი აღარ უფიქსირდება. მამაკაცი სხვა თანმდევი გართულებების გამო მკურნალობს. 

აჭარაში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. იმისათვის რომ ბათუმმა ''მწვანე ზონის'' სტატუსი მიიღოს საჭიროა ვირუსის ინკუბაციის ორი ფაზა გავიდეს. ანუ ორჯერ 14 დღიანი ციკლი. არცერთ ფაზაში კი კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ უნდა დაფიქსირდეს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რეგიონში ერთი ფაზა უკვე გავიდა, თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაემატება, რისკი განულდება.

ნინო ნიჟარაძე აქვე დასძენს, რომ სიფრთხილე შემდეგ ეტაპებზეც საჭიროა, რადგან ვირუსი არსად წასულა. მისივე თქმით, აჭარაში ტურისტული სეზონისთვის მზადების დროს გარკვეულ საკითხებზე შეჯერდნენ. 

ცნობილია, რომ სანაპირო ზოლში შეზლონგებს შორის დისტანცია უნდა იყოს ორი მეტრი, ასევე დისტანციას უნდა იცავდნენ ადამიანები ზღვაში ბანაობის დროსაც. სავარაუდოდ, პლაჟზე ხმოვან ჩანაწერებსაც ჩართავენ, რომელიც სხვადსხვა ენაზე იქნება და დამსვენებლებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, გადაწყვეტილია, რომ სანაპიროზე მოსიარულე პირების ვაჭრობა აიკრძალება. ასევე არ არის გამორიცხული წელს არც ბატუტები იყოს ნებადართული, სადაც ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრის თავს.

''მოსიარულე პირების ვაჭრობა ეს არის თემა, რაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა აიკრძალოს. აქ უფრო მეტი შემხებლობაა ფულთან და არა ბარათთან, დისტანციაც ვერ იქნება დაცული. საკვებისმიერი ინტოქსიკაციის პრევენციაც გამოვა. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით შეძენილი პროდუქტი იყოს იმ დაავადების გამომწვევი, რომელსაც კორიონავირუსთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სიმპტომებით ჰგავს. ველოდებით რეკომენდაციას სანაპირო ზოლში ღია კაფე ბარების, მაღაზიების და ჯიხურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ასევე ელექრტრომობილების გადაადგილების საკითხზე მიდის მსჯელობა. ჩვენი აზრით ბატუტები არ იქნება დაშვებული, რადგან შედარების დიდი რისკია და დისტანციის დაცვაც ვერ მოხდება'' - უთხრა მაუწყებელს მინისტრის მოადგილემ.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ზღვის სეზონზე წესები შეიძლება გამკაცრდეს ან შემსუბუქდეს, ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს საზღვრის კვეთას ეხება. საზღვარზე სავარაუდოდ ჩამოსული ტურისტების გატესტვა მოხდება. ან დამსვენებელი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს წარადგენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში