რესტორანში ერთ მაგიდასთან სავარაუდოდ 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება

14 მაისი 2020, 17:15 7518 ნახვა

ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თარიღი შეიცვალოს. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დაკეტილ ობიექტებს ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა. განსხვავებული იქნება წესები ვიზიტორებისთვისაც. 

კვების ობიექტის სტუმრებს დისტანციის დაცვა მოუწევთ. მანამდე კი მათ უსაფრთხო განლაგებაზე, თავად ობიექტის ხელმძღვანელები იზრუნებენ. წინასწარი ინფორმაციით, საერთო სასადილო დარბაზში მაგიდებსა და დასაჯდომ ადგილებს შორის დისტანცია 6 ნაბიჯი, ანუ ორი მეტრი იქნება. სკამის საზურგეებს შორის კი ერთი მეტრი. 

სავარაუდოდ, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება. 

სტუმარს COVID 19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ წარწერა შენობის შესასვლელში განთავსდება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზე, რადგან ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათი თერმოსკრინინგი არ იგეგმება. 

საზოგადოებრივი კვების სასადილო დარბაზში თუ მენიუ არის ქაღალდის, ერთხელ მოხმარების შემდეგ უნდა გადააგდონ. 

წინასწარი ინფორმაციით, კაფე-ბარებსა და რესტორნებში სურსათის შენახვისა და მომზადების პირობებიც შეიცვლება

ასევე სავარაუდოდ შეიზღუდება პერსონალის რაოდენობა სამზარეულოში.

საქართველოში კაფე-ბარები და რესტორნები მარტში დაიხურა. მათი ნაწილი ადგილზე მიტანის სერვისზე გადავიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში