კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დაიწყო

15 მაისი 2020, 12:27 4437 ნახვა

კომპენსაციის მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან, 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარების მიღება სურთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა შევიდნენ, სადაც რეგისტრაციას გაივლიან. 

რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან მათ რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

საკომპენსაციო თანხის დარიცხვა 10 დღის ვადაში მოხდება. 

''თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში 2020 აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცება.

კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშული პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე. მიღებული განაცხადის დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო რეკვიზიტები.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულნი დღეიდან 6 კვირის განმავლობაში მათაც უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალშ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.

''ფიზიკურმა პირებმა უნდა ატვირთოს რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი. ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მომსახურე მხარეთა იდენტიფიცირება. აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ჩამონათვალს ან ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა.

ასევე 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი. მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამდასტურებელი ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა ან შემოსავალი და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც ისინი დაადასტურებენ ეკონომიკურ საქმიანობას.

განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება თანხის ჩარიცხვა აღნიშნული პირის საბანკო ანგარიშზე. იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტორნული რეგისტრაცია შეუძლია მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისს ცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან პორტალზე რეგისტრაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეა შესაძლებელი 15 05-ზე'' - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში