მუნიციპალურ ტრანსპორტს  ჯერ ვერ ავამუშავებთ - გიორგი გახარია

22 მაისი 2020, 11:18 3747 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა იძულებულია, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც კი გარკვეული ტიპის შეზღუდვები შეინარჩუნოს. მათ შორისაა სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და ერთეული ეკონომიკური ტიპის საქმიანობა.

გიორგი გახარიას თქმით, ბიზნესოპერატორებმა და მოქალაქეებმა ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა განაახლონ საქმიანობა, რომ ოჯახი არჩინონ. 

''ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების, მაგალითად სპორტული და კულტურული ღონისძიებების, ასევე საზღვარზე კონტროლის. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო არის წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში, წარმატებული არის იმიტომ, რომ გადავდგით დროული ნაბიჯები. 

ჩვენ შევძელით კონტროლი საზღვარზე, რომ არ დაგვეშვა იმპორტირებული შემთხვევევის გავრცელება ქვეყანაში. ასევე ეფექტური იყო საკარანტინო სივრცეების მოწყობაც. 

დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა თუ არის, 2, 5 ან 10 - ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდი დამარცხებულია. უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად.

ხომ კარგად გვესმის რამხელა, რისკში შევდივართ როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს  ჯერ ვერ ავამუშავებთ. ვიცით მძიმეა, უდიდეს დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ მუნიციპალური ტრანსპორტი არის კოვიდის გავრცელების მაღალი რისკის შემცველი. 

მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას. მინდა თითოეულ თქვენგანსაც მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო - არაფერი არ დასრულებულა! ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა არის იმაში, რომ არაერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ტრანსპორტის ამოქმედება ეპიდმგდომარეობაზეა დამოკიდებული. 

''ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მაჩვენებელი და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით ქვეყანაშია.  რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36. რაც ვერ გვაძლევს იმის  საფუძველს, რომ მთავრობას გარკვეული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია მივცეთ'' - განაცხადა ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა'' - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში