კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება კომპანიებს, რეისების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ დაეკისრებათ 

25 მაისი 2020, 16:45 2451 ნახვა

COVID19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

''მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდველების მიზეზით.

''დროებითი საშეღავათო პირობების ამოქმედება დაეხმარება ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს შეუწყობს აღნიშნული ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ავიაგადამზიდველების ოპერირების განახლებისთვის და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის.

ამასთან, საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში