ივლისის პირველ ნახევარში ლატვიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენა იგეგმება - თურნავა

25 მაისი 2020, 17:29 2171 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც ნათია თურნავასა და ლატვიის ტრანსპორტის მინისტრს შორის შეხგა. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შევიდა.

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,“ - განაცხადა  ნათია თურნავამ. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში