არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმა, პოსტკრიზისული გეგმა სხვა ისტორიაა - გახარია

27 მაისი 2020, 14:33 1489 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე. 

''მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმა, პოსტკრიზისული გეგმა არის სხვა ისტორია. უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, განხორციელებული შეღავათები იყო ცეცხლის ჩასაქრობად აუცილებელი. 

''ეს იყო ცეცხლის ჩაქრობა, არავინ არ  ეძახის ამას ანტიკრიზისულ გეგმას, ეს იყო უბრალოდ ადამიანს, რომ გაუჭირდა და შოკში, რომ შევიდა ეკონომიკურად მისი ყოველდღიური შემოსავალი, ჩვენ მას პირდაპირ სოციალურად დავეხმარეთ. 

მეორე ეტაპი იყო გამიზნული, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ეს არ იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ამდენს მოგცემთ და 1000 ლარი ოჯახს და 5000 პეტრეს და მერე პავლეს. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ რაც მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, საქართველო ვერცერთ დამატებით დახმარებას  ვერ გაწევს  თუ ეკონომიკა არ იქნება დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნება შეთანხმებული. 

ასე მეც შეიძლება გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ეს ყველას სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება. შესაბამისად ჩვენი გრძელვადიანი ღონისძიებები დაავაანონსეთ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი და გაანალიზებული. ვიცოდით გეგმით სად მივდიოდით და შესაბამისად შეთანხმებული დონორებთან. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადა ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 1200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში. ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი, გარდა ამისა იმისთვის რომ კომპანიებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა  შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, ყველა კომპანიის  საშემოსავლო გადასახადი 150 ლარის ოდენობით, ესეც დაასუბსიდირა სახელმწიფომ'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დროს, როცა ყველა დაითვლის, ვინ რა შედეგებით გამოვიდა კრიზისიდან, მნიშვნელოვანია, გლობალურ კონკურენციაში საქართველო საშუალო განვითარების დონიდან, რამდენიმე საფეხურით წინ იყოს.

„ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი, ეს არის გლობალური კრიზისი და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა. ეს არის კრიზისი, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება. ამიტომ, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც რამდენიმე დროის შემდეგ, ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. იმიტომ, რომ შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია, დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი“,- განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში