არ ვიმუქრები, უბრალოდ თუ გონს არ მოეგებიან ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც - მეუფე იაკობი

28 მაისი 2020, 17:02 2029 ნახვა

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ცდილობს, ეკლესია ცუდად წარმოაჩინოს. მისი თქმით, დამსახურებისამებრ რომ მოექცეს, პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება, საუბარია ოპოზიციაზე.

„აღდგომას გული გაუსკდა ხალხს, რომ ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდა. ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს, ძალიან უნდოდათ პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა, იციან, რომ ვიცი, რა წონაც აქვთ საზღვარგარეთ და ჭკვიანად უნდა იყვნენ.

რაც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, უბრალოდ პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება, ხალხი სხვანაირად შეხედავს, როგორ იქცევიან და რას აკეთებენ, როგორ ცდილობენ, ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ როცა რამეს ვაშავებ, ცუდად რომ მოვიქცევი, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლია, ჩემს საქციელზე ილაპარაკო. მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც.

მთავრობას არ ვგულისხმობ, მთავრობა ბოლომდე ცდილობდა, წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ცუდი მოხდებოდა საქართველოში. მსოფლიოში რაც ხდებოდა, ნახეთ. როგორ იოლად მიდის, მძიმებიც კი არ გვყოლია იმდენი. ექიმებმაც ისწავლეს მართვა. რა თქმა უნდა, ისევ ისინი იკბინებიან, ოპოზიციის ფრონტიდან, ყველას არ ვამბობ, ძალიან ბევრი ეკლესიაში მოდიოდა და ძალიან ბევრი გაემიჯნა.

მაგალითად, როდესაც უნდა მიეღოთ საგანგებო მდგომარეობა, გახარებულებმა მისცეს ხმა, ეგონათ, ეკლესიას ჩაკეტავდნენ, რომ მიხვდნენ, რომ გაბრიყვდნენ, ნახეთ როგორ იქცევიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მათთან „ჩვეულებრივი ურთიერთობა“ აქვს.

„აქეთ იშვიათად ვარ, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, გამარჯობა-გაგიმარჯოს და დღესასწაულებზე შევხვდებით ხოლმე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში