ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ოთხმა მოშიმშილემ პირიც ამოიკერა

03 ივნისი 2020, 15:04 5447 ნახვა

ბათუმის იუსტიციის სახლთან კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ახლობლები და ნათესავები მესამე დღეა შიმშილობენ. რამდენიმე წუთის წინ კი, ოთხმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

ისინი კანონიერი ქურდის გათავისუფლება ან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. 

ლავასოღლის ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, უწყებიდან კი მოშიმშილეებს არავინ გამოხმაურებია. 

"პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვეცოდინება თუ როდის მოხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადირება. აქციის მონაწილეები პროტესტის სხვადასხვა ზომას მიმართავენ, მათ შორის არის შიმშილობა. დღეს უკვე რამდენიმე მათგანმა პირი ამოიკერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო რთულდება. ბევრს აქვს სურვილი პროტესტის მსგავსს უკიდურეს ფორმას მიმართოს, თუმცა იმედი გვაქვს ეს არ დაგვჭირდება.

იმედია ხელისუფლება წამოვა მოლაპარაკებაზე და გვეტყვიან კონკრეტულ რიცხვს თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ვაპირებთ, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციები დავგეგმოთ, მაგალითად ისეთის როგორიცაა სარფის გამშვებ პუნქტთან აქციის გამართვა. ჩვენ არაკანონიერს არაფერს ვითხოვთ, ეს მოთხოვნა სამართლიანია. 15 საათამდე მივეცით ვადა იუსტიციის მინისტრის ჯერ არავინ გამოგვხმაურებია. კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერ არ შეგვიმუშავებია.  ამის შესახებ სავარაუდოდ მოგვიანებით ვისაუბრებთ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე კი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს განმარტებების გასაკეთებლად ერთ დღეს აძლევენ. 

''იუსტიციის სამინისტრო შემოიფარგლა ზოგადი პასუხით და გვითხრა, რომ ეს იყო პროკურატურის პრეროგატივა. მე ვსვამ კითხვას, იუსტიცის სამინისტრომ დღემდე არ იცის, რომ გენერალური პროკურატურა მათ დაქვემდებარებაშია? ასე გვამისამართებენ იქეთ-აქეთ. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე კონკრეტული პასუხი, როდის მოხდება მინდიას ექსტრადირება, აქციის მონაწილეებმა პროტესტის უფრო რთულ ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. 

დღეს ჩვენ ოჯახის თხოვნით შეგნებულად არ მივდივართ სარფში, არ მივმართავთ უკიდურეს ფორმას, არ ვკეტავთ საზღვართან გზას. ამიტომ იუსტიციის მინისტრს განმარტებების გასაკეთებლად კიდევ ერთ დღეს ვაძლევთ'' - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო. 

ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში